გურჯაანში საახალწო ღონისძიებები არ გაიმართება
წელს გურჯაანში საახალწლო ღონისძიებები აღარ ჩატარდება, ამის მიზეზი კი ის შეზღუდვებია, რაც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დააწესა.

როგორც speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ვალერი შოშიაშვილმა განაცხადა, საახალწლოოდ ქალაქში მხოლოდ ნონეშვილის და თავისუფლების ქუჩები განათდება. ასევე დაიდგმება ნაძვისხე.
„ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. თუმცაღა მუნიციპალიტეტმა აქტიურად დაიწყო მზადება წინასაახალწლოდ ცენტრალური ქუჩების განათებაზე. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ კულტურის ცენტრში არსებულ ინვენტარს. რაც შეეხება ნაძვისხეს, ის სავარაუდოდ კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება, თუმცა, როდის აინთება, ჯერჯერობით თარიღი არ არის დაზუსტებული. ქუჩები, სავარაუდოდ, 15 დეკემბრიდან განათდება.“

მისივე თქმით, კოვოდსიტუაციიდან გამომდინარე, წინასაახალწლო ბიუჯეტი არ დაგეგმილა. სპეციფიური სამუშაოების ხარჯებისთვის კი, სპეციალისტებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.


| Print |
FaceBook Twitter Google