განათლების კომიტეტის ხელმძღვანელობა ჩემი სურვილი იყო- თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. კენჭისყრას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც მან განაცხადა, მისი კანდიდატურის დასახელება მოულოდნელი სულაც არ ყოფილა.
„არ ვიცი, რატომ იყო მოულოდნელი ჩემი კანდიდატურის დასახელება ამ პოზიციაზე. ერთადერთი, დღეს უკვე შეიძლება ის ითქვას, რომ გუნდში აგვისტო-სექტემბრის თვიდან განიხილებოდა სამი სხვადასხვა შესაძლებლობა და მე მოხარული ვარ რომ ჩემი არჩევანი, მეხელმძღვანელა ამ კომიტეტისთვის, გუნდმა გაიზიარა. აღმასრულებელი ხელისუფლების თვალით დანახული გამოწვევები, რა თქმა უნდა, ვიცი, მაგრამ იმასაც ვხედავდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის მინისტრს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა თავისი დარგობრივი კომიტეტიდან და მე მზად ვარ რომ ჩემი წინამორბედების დაწყებული საქმე, რომ კონკრეტულ მინისტრს და მთავრობას ჰქონდეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის იმედი და ხელშეწყობა, ეს გავაგრძელო. სხვანაირად ეს სხვანაირად ეს უმნიშვნელოვანესი და ახლა უკვე უზარმაზარი სფერო გაერთიანებების შედეგად, ვერ იქნება მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების იმედად წარმატებული, მათ სჭირდებათ ძალიან სერიოზული საპარლამენტო მხარდაჭერაც“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 17 წევრისგან უნდა დაკომპლექტდეს, საიდანაც 10 უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება, ხოლო 7 უფრაქციო დეპუტატი.


| Print |
FaceBook Twitter Google