ყალბი 1 ლარიანების დამზადების გამო სამი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, კუსტარულად დამზადებული თაბაშირის ყალიბებისა და ნედლეულის სახით ტყვიის გამოყენებით, ამზადებდნენ ყალბ 1-ლარიან მონეტებს, რომლებსაც შემდგომ ასაღებდნენ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით. აღნიშნული თანხა ირიცხებოდა ონლაინ ტოტალიზატორებში მათივე სადეპოზიტო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში ხდებოდა მისი განაღდება.

ბრალდებულ პირთა მიერ გასაღებული ყალბი ერთლარიანი მონეტები ზომით, წონით და სხვა პარამეტრებით მიმსგავსებულია ეროვნული ბანკის მიერ ემისირებულ მონეტებს. გამოძიების ამ ეტაზე დადგენილია, რომ მათ მიერ გასაღებულია ჯამში დაახლოებით 8 000 ცალი ყალბი მონეტა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.


| Print |
FaceBook Twitter Google