შესაძლოა შეზღუდვების კანონი კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივდეს
"საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მოქმედება, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს,შესაძლოა ექვსი თვით გახანგრძლივდეს.
ინიციატივა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.

"ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა რამოდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება", - განაცხადა ხუნდაძემ.

ხუნდაძის განმარტებით, კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება არ ნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ძალაში დარჩება ან უფრო მეტად გამკაცრდება.

"კანონის ვადის გაგრძელება არ ნიშნავს პირდაპირ რომ შეზღუდვები გაგრძელდება და აუცილებლად გამკაცრდება. ეს იძლევა საშუალებას მთავრობას რომ კრიზისი მართოს ეფექტურად და შესაძლო რისკები ააცილოს ქვეყანას", - განაცხადა ხუნდაძემ.
| Print |
FaceBook Twitter Google