24 დეკემბრიდან - 2 იანვრამდე შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდება იმ მასშტაბით, რაც დაგეგმილი იყო - მაია ცქიტიშვილი
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო დაგეგმილი თავდაპირველად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში. ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ეს დადგენილი იყო 28 ნოემბრიდან. სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებენ აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ისინი ფუნქციონირებენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების ყველა წესს, რომელიც დადგენილია დღეის მდგომარეობით 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება, იმ შემთხვევაში, თუ ისევ და ისევ დაიცავენ ყველა იმ წესს, რომელიც არის დადგენილი დღეისთვის და მეტიც, ჩვენ ასევე კონსულტაციების შედეგად, როგორც ეპიდემიოლოგებთან, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომლებიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს სავაჭრო ქსელებში ვიზიტის დროს, კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრა დილის 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვ.მ-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებლისა. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა, რათა დაცული იყოს ყველა ზომა, როგორიცაა სოციალური დისტანცია, პირბადის სწორი მოხმარება. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხმარებლების დიდი კონცენტრაცია მაღაზიებში. ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებსგასახდელები. ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციების დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ,“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაშვებული სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.
„მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრებისთვის. თუმცა თითოეული ჩვენგანი ხედავს, რომ სასტუმროები ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ, გვერდი აუარონ ამ აკრძალვას. ჰქონდათ მცდელობა, რომ გვერდი აევლოთ კულტურული და გასართობი ღონისძიებების აკრძალვისთვის და სასტუმროები მასიურად გვთავაზობენ სადღესასწაულო სუფრების გამართვას. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. სხვა რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google