მართვის მოწმობის მისაღებად გამოცდები პირველი თებერვლიდან განახლდება
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.

პირველ თებერვლამდე კვლავ შეჩერებული იქნება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება (გარდა საბაჟო საწყობის ზონისა და სატრანსპორტო საშუალების მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი (დილერი/ცენტრი) კომპანიების ტერიტორიაზე).
ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტო შემდეგ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას: მოქალაქეებს საშუალება აქვთ, მომსახურების სააგენტოს მიმართონ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge).

მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში, კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს. მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სააგენტოს სერვისცენტრებში ვიზიტისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე.

| Print |
FaceBook Twitter Google