ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%–ზეა გათვლილი – ამირან გამყრელიძე
კორონავირუსზე საქართველოს მოსახლეობის 60%–ის ვაქცინაცია იგეგმება, ეს ეხება 18 წლის ზემოთ პირებს.- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ჩვენი ვაქცინაციის გეგმა მოსახლეობის 60%–ზეა გათვლილი, ეს ეხება 18 წელს ზემოთ მოსახლეობას. ჯერ–ჯერობით 18 წლამდე ვაქცინაციის კლინიკური კვლევები არ არის ცნობილი, ახლა იწყება 12 წლის ზემოთ. საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რომ შეიმნას 60% უნდა გაჯერდეს და იყოს იმუნური ფენა ქვეყანაში, რათა შევძლოთ და დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, მუშავდება კოვიდ ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა, რომელსაც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარუდგენენ: „ამაში ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ჩართული იყო მრავალი უწყება, სამუშაო ჯგუფებმა ინტენსიურად იმუშავეს თვენახევრის განმავლობაში და დღეს უკვე არსებობს ეროვნული გეგმის პირველი დასრულებული პროექტი“.

აღნიშნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში აცრა პირველად სამედიცინო პერსონალს და მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ პირებს ჩაუტარდება.
„პირველ რიგში უნდა აიცრან: სამედიცინო პერსონალი და მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები, მეორე რიგში 75 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები, შემდეგ 65 წელს ზემოთ, შემდეგ უკვე 55 წელს ზემოთ, ვისაც აქვს ასევე თანხლები ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი ფილტვების ქრონიკული დაავადება, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტენზია და ა.შ“.

| Print |
FaceBook Twitter Google