დღეს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება
დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონიის ბევრი ელემენტი შეკვეცილი ფორმატით და სოციალური დისტანცირების ნორმების დაცვით ჩატარდება.

გარდა ამისა, 6 იანვარს მომხდარი არეულობის გამო, ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისთვის ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის 25 ათასი სამხედროა მობილიზებული.

ტრადიციის მიხედვით, აშშ-ის ახალი ლიდერი მოვალეობის შესრულების დაწყებამდე ვიზიტით თეთრ სახლს ეწვევა, სადაც მას მიმავალი პრეზიდენტი ხვდება. ცერემონიის ეს ნაწილი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას უსვამს ხაზს, თუმცა ამჯერად ამგვარი ცერემონია არ შედგება. ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, რომელიც ადგილობრივი დროით 12:00 საათზე გაიმართება (თბილისის დროით 21:00 საათზე), დონალდ ტრამპი ენდრიუსის სამხედრო ბაზიდან ფლორიდაში გაემგზავრება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 152 წლის განმავლობაში, დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდება, რომელიც ხელისუფლების გადაცემის ცერემონიას არ დაესწრება. ბოლოს მსგავსი შემთხვევა 1869 წელს მოხდა, როდესაც აშშ-ის მე-17 პრეზიდენტი, ენდრიუ ჯონსონი ულის გრანტის ინაუგურაციას არ დაესწრო.

| Print |
FaceBook Twitter Google