სკოლების გახსნა ეტაპობრივად, რეგიონებში ეპიდსიტუაციის შეფასების შემდეგ მოხდება- ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,რეგიონის სკოლებში დასწრებულ რეჟიმში სწავლის განახლება და შეზღუდვების მოხსნა, იქ განვითარებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით მოხდება.

„ჩვენ რეგიონები გვაქვს დაყოფილი წითელ და მწვანე ზონებად. აქედან გამომდინარე, ეს გახსნებიც იქნება ეტაპობრივი საქართველოს მასშტაბით და იქნება სხვადასხვა გრადაციის. ის რეგიონები სადაც ჩვენ მივუთითებთ რომ მწვანე ზონაა, ჩვენ გვექნება საშუალება იმის, რომ როგორც ეკონომიკური საქმიანობა, ასევე განათლების კომპონენტი გაიხსნას, თუმცა რეგულაციების უმკაცრესი დაცვით, ყვითელ რეგიონებზე გვექნება სხვა მიდგომა და წითელ რეგიონებზე, რა თქმა უნდა, სხვა“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, სავაჭრო სექტორის შემდეგ, განათლების სფეროში შეზღუდვების მოხსნაა პრიორიტეტი.
„სავაჭრო სექტორის შემდეგ, განიხილება განათლების სექტორის გახსნა, ვინაიდან ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის უშუალოდ დასწრება სკოლებში, აქედან გამომდინარე, კონკრეტულად შემდეგი, არის სწორედაც განათლების სფერო. განათლების სფეროში ჩვენ განვიხილავთ ერთდროულ კომპონენტებს – ეს იქნება ან ჰიბრიდული მოდელი, ან შეიძლება დავყოთ კლასებად, შედარებით რისკიან და ნაკლები რისკის მატარებელ კლასებად და ასევე პრიორიტეტებად, რასაც გადაწყვიტავს განათლების სამინისტრო, სადაც არის საჭირო უშუალოდ კლასებში დასწრება და ჩვენ ვიქნებით უკვე ამ მიმართულებით მათთან ერთად ჩართული, რომ სკოლებმა მოახერხონ მაქსიმალური დაცვა როგორც ბავშვის, ასევე პედაგოგების. ეს არის ძირითადად ის ორი სფერო, რომელზეც ახლა მიმდინარეობს საუბარი“.

| Print |
FaceBook Twitter Google