განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია - მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, განათლების სისტემა სწავლის სკოლებში გაგრძელებისთვის სრულ მზადყოფნაშია, და უსაფრთხოების მიზნით, სამედიცინო პროტოკოლი სკოლებში ზედმიწევნით შესრულდება.

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ პირველ თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისისა, სკოლები მუშაობას უკვე საკლასო ოთახებში გააგრძელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო რასაკვირველია, საკლასო ოთახია“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით, მასწავლებლები კორონავირუსზე რეგულარულ შემოწმებას გაივლიან: „განათლების სიტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს, თვითონ სკოლებში სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იქნება დაცული. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, ასე რომ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისა, რომ სკოლებში იქნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო“, -

რაც შეეხება თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებს, მინისტრის განმარტებით, გეგმის მიხედვით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლება პირველ მარტიდან იგეგმება.
„ეს პირდაპირ არის დაკავშირებული კონკრეტულ ეპიდსიტუაციასთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, კერძოდ, თუ პირველ მარტამდეც, 7 დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია, ჩვენ განვიხილავთ რეგულაციის კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის განსაზღვრული ეს კრიტერიუმი, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან მომდინარეობს და ცხადია, დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან. პირველ რიგში, ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობას უნდა გავუფრთხილდეთ“, – განმარტა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google