მომსახურების სააგენტო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს
დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო კორონავირუსის გამო შეჩერებული სერვისების ნაწილს განაახლებს. კერძოდ, ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები.

სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას. მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა.

პირველი თებერვლიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. მომხმარებლებისთვის კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა. ასევე, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებას.

დროებით კვლავ შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში, ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.

| Print |
FaceBook Twitter Google