აგრობარათებზე ქულების დარიცხვა 20 თებერვალს დასრულდება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენებას ფერმერები 20 მაისამდე შეძლებენ.
პროგრამის ბენეფიციარებისათვის აგროქულების დარიცხვა მიმდინარე წლის 20 თებერვალს დასრულდება. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდიის ოდენობა 200 ლარს (აგრობარათზე დარიცხულ 200 ქულას) შეადგენს. აგრობარათზე დარიცხული ქულებით შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

იმ ბენეფიციარებს, რომელთაც ჯერ არ აუღიათ აგრობარათი, ასევე მათ, ვინც მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია ან დაზუსტება 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოახდინეს, ბარათების მიღებას მიმდინარე წლის 20 თებერვლამდე შეძლებენ.

აგრობარათის მისაღებად, ლიბერთი ბანკის ფილიალში ვიზიტამდე, დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებპორტალზე myliberty.ge

სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამაში უკვე 246 000 ფერმერია ჩართული და დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 32 მლნ ლარს აჭარბებს.



| Print |
FaceBook Twitter Google