ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობების მზარდი მშენებლობები, ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებას უწყობს ხელს - არჩილ ხანდამაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამაცივრე მეურნეობების გაფართოება აქტიურად მიმდინარეობს. გასულ წელს , სოფელ ჩუმლაყში 18 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელსაც წელს 10-მდე ახალი სამაცივრე ემატება.

მერი არჩილ ხანდამაშვილი, სოფელ ჩუმლაყში ახალი სამაცივრე მეურნეობების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
შპს "გოლდ კახეთი" 2020 წელს 160 ტონა ტევადობის სამაცივრე მეურნეობას ამუშავებდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით და სახელმწიფო გრანტის დაფინანსებით ააშენა. წელს, მეპატრონე ოლეგ ჯავახიშვილი სამაცივრე მეურნეობას აფართოვებს და ატმის სეზონს 300 ტონა მოცულობის სამაცივრეთი დაიწყებს. ამასთანავე, ოლეგ ჯავახიშვილი სასადილო დარბაზს და მოსასვენებელ ოთახებსაც აშენებს, რომლითაც ექსპორტიორები და სამაცივრეში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ.

ახალ სამაცივრეს აშენებს ი/მ თეიმურაზ სონღულაშვილი, რომელსაც, წინა სეზონზე, ქირით ჰქონდა აღებული სამაცივრე მეურნეობა. წელს გადაწყვიტა საკუთარი 200 ტონიანი სამაცივრეს აშენება, რისთვისაც შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.

" სამაცივრე მეურნეობების გაფართოვება მნიშვნელოვანია არამხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი კახეთის მოსახლეობისთვის, რადგან აქ სეზონზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან დასაქმებული. ჩუმლაყში სამაცივრე მეურნეობების მზარდი მშენებლობები, ადგილობრივი ეკონომიკის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია ისიც, რომ სამაცივრეების გაორმაგებული რაოდენობა პირდაპირაა დაკავშირებული მოსავლის გაზრდილ ექსპორტთან, რაც პირველ რიგში ატმისა და ვაშლატამის ფასზე აისახება", - აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში 22 სამაცივრე მეურნეობა მუშაობდა სრული დატვირთვით, წელს კი მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა.
2020 წლის მონაცემებით ექსპორტზე 26 000 ტონაზე მეტი ატამი გავიდა, რაც 2019 წელთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია.

[R]

| Print |
FaceBook Twitter Google