დაახლოებით, 5 ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ გარკვეული დოზები დაგვითმონ - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძისგანცხადებით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა საქართველოს თავის მიერ შესყიდული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაუთმოს.

„სერუმ ინსტიტუტის“ საბჭოს ხელმძღვანელს ძალიან კარგად ვიცნობ, დამსახურებული კაცია და მის შვილთან ჰქონდა ჩვენს ელჩს შეხვედრა. შეპირებულები არიან, რომ საქართველოსთვის არის დოზები, მაგრამ ამას სჭირდება დასტური „ასტრა ზენეკას“ მაღალი დონის ხელმძღვანელობის. მოგეხსენებათ, „ასტრა ზენეკა“ შვედურ-ბრიტანული კომპანიაა. თვითონ ინდოეთი ამას არ წყვეტს. გეტყვით და დასამალი არაფერი არაა, რომ 500 ათასი დოზა საქართველოსთვის არის დარეზერვებული „კოვაქსის“ ზემოთ, მაგრამ ამას სჭირდება დასტური „ასტრა ზენეკას“ ხელმძღვანელობის იმიტომ, რომ მათ გარეშე ეს განაწილება ვერ ხორციელდება. ძალიან ბევრთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „კოვაქსის“ გვერდის ავლით, არა მარტო „სერუმ ინსტიტუტ ინდიასთან“. „კოვაქსი“ ვალდებულებას შეასრულებს და თავის პლატფორმაზე განათავსებს ვაქცინის 2 მილიარდ დოზას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან, რათა საქართველოს ვაქცინები დაუთმონ.
„აგვისტო-სექტემბერში დავიწყეთ ეს მოლაპარაკებები. ძირითადად ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან - ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნები ვინც არის, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ცენტრალური ევროპის ქვეყნები. წერილობითი დასაბუთებაც გვაქვს ამის. მათ შეკვეთილი აქვთ გაცილებით მეტი დოზები, ვიდრე ამ ქვეყნებს სჭირდებათ. იგივე ნორვეგიასაც, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი დიდი დონორი ქვეყანაა, მას აქვს ბევრად მეტი დოზა შესყიდული, ვიდრე მას სჭირდება. აქედან გამომდინარე, დაახლოებით, 5 ქვეყანასთან აქვს საქართველოს მოლაპარაკება და იქიდანაც იყო წინადადებები და დასტური, რომ მათ გარკვეული დოზები უნდა დაგვითმონ. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად ამ ქვეყნებისთვისაც დაგვიანდა ვაქცინების მიღება „ფაიზერის“, „მოდერნას“ და „ასტრა ზენეკასი“, ვერ მიიღეს იმ მოცულობებით, ეს პროცესი ცოტა შეფერხებულია. დარწმუნებული ვარ, მათი კეთილი ჟესტი, რომ საქართველოს გარკვეული დოზები დაუთმონ, ეს მოხდება ალბათ, გვიან გაზაფხულზე, როცა გაჯერდება ბაზარი, აპრილ-მაისში. “-განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google