ბოდბის წმ.ნინოს მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის და წმ. ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა. პროექტები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და ჯამურმა ღირებულებამ 4,7 მილიონი ლარი შეადგინა.
მგფ-ის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობას. აგრეთვე, გათვალისწინებული იყო: შიდა და გარე წყალსადენ-კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემის, გათბობა-ვენტილაციის, შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ფონდმა ასევე განახორციელა წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებდა წმინდა ნინოს წყაროსთან მისასვლელი 3 კმ-იანი ასფალტბეტონის გზის მოწყობას. გათვალისწინებული იყო წყალამრიდი მილების, მიერთებების, ბორდიურების, კიუვეტების და საყრდენი კედლის მოწყობა.
სამუშაოები 2019 წლის ივლისიდან მომდინარეობდა.
| Print |
FaceBook Twitter Google