ვირისტერფას სასარგებლო თვისებები
ვირისტერფა გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება. ფოთლების ნაყენს ხმარობენ ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, გაცივების, აგრეთვე ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს.

მცენარე გამოიყენება როგორც ნახარშებისა და ნაყენების სახით ცალკე, ასევე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ნაკრებში.ხალხურ მედიცინაში ვირისტერფას გამოყენება უფრო ფართოა. მის ფოთლებს იყენებენ ჭრილობების მოსაშუშებლად, ფოთლების წვენს ტუბერკულოზის დროს. კარგია მცენარის ფოთლების დამატება ბოსტნეულის სალათებში - ეს გააძლიერებს იმუნიტეტს.

ვირისტერფას ყვავილებისგან ხალხურ მედიცინაში ამზადებენ სამკურნალო ნაყენს, რომელიც გამოიყენება კუჭისა და ნაწლავების ჭვლის დროს. ამისთვის ერთ სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ არაყს იმდენს, რომ ყვავილები დაიფაროს. შემდეგ ქილას ხუფს კარგად უჭერენ და აჩერებენ 2-3 კვირის განმავლობაში ბნელ ადგილას. მიიღება დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 30 წვეთის ოდენობით.

ფოთლის ნახარშს იყენებენ ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს, ტუბერკულოზის შემთხვევებისას, ანგინისა და სტომატიტის დროს, ასევე შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესებისას. მომზადების ერთ-ერთი წესი: სამ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ ორ ჭიქა წყალს და ადუღებენ მანამ, სანამ წყალი არ განახევრდება. მიღებულ ნახარშს წურავენ და იღებენ ყოველ სამ საათში ერთხელ 1 სუფრის კოვზის ოდენობით. კუჭ-ნაწლავისა და შარდ-სასქესო სისტემების დაავადებებისას უფრო სუსტ ნახარშს იღებენ: ერთნახევარ სუფრის კოვზ მშრალ ფოთოლს ასხამენ 1 ლიტრ წყალს, ადუღებენ 3 წუთი და იღებენ მთელი დღის განმავლობაში 300 მილიგრამს (ჭამის წინ).

ვირისტერფა ასევე გამოიყენება კბილის ტკივილის, ართრიტის, მიოზიტის, ალერგიის, ეპილეფსიის, მალარიის, შეშუპების, გულის დაავადებების დროს. გარეგნულად იყენებენ მასტიტის, ფურუნკულების, წყლულების, დამწვრობის, გაციების დროს, კარგია, როგორც ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ასევე, მცენარე კარგად ამაგრებს თმას და ებრძვის ქერტლს. კარგი საშუალებაა ნერვული სისტემის აშლილობის დროს.


| Print |
FaceBook Twitter Google