მანიკო - ახალი საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი ქართულ ბაზარზე
მანიკო - ასე ჰქვია საბავშვო ტანსაცმლის ბრენდს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში მცხოვრებმა მარიამ ბაცაშვილმა ერთი თვის წინ შექმნა.  იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დედა გახდა.
ასე გახსნა თბილისში პატარა სამკერვალო. თვითონ დიზაინსა და ადმინისტრაციულ საკითხებზე მუშაობს, ტანისამოსის შექმნა კი გამოცდილ მკერავს მიანდო.

-„შევქმენი ბრენდი, რომელსაც დავარქვი ჩემი შვილის სახელი. პატარა ახლა ხუთი თვისაა. მერწმუნეთ, დიდი სიყვარულითა და ზრუნვით ვქმნით ამ ყველაფერს. რაღაც ნაწილი მზად არის, სულ პროცესში ვარ და იკერება სხვადასხვა სტილი. ვითვალისწინებ ყველა ფაქტორს, რასაც მე თავად ვაქცევ ყურადღებას შვილისთვის სამოსის შერჩევისას. ეს არის საუკეთესო საჩუქარი ბავშვებისთვის,“- გვეუბნება მარიამი.




სურდა, ქართულ ბაზარზე ისეთი ბრენდი ყოფილიყო, რომელიც მშობლებს შესთავაზებდა შვილებისთვის ნატურალური ქსოვილით დამზადებულ სამოსს, კომფორტულსა და მინიმალისტურს. ფიქრობს, რომ ზედმეტი დეკორაცია დიდი დისკომფორტია ბავშვისთვის, რადგან პატარები, მის გარეშეც ლამაზები და საყვარლები არიან.

ამჟამად 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებზე აქვს გათვლა, თუმცა გეგმავს, სულ მალე სამოსი სხვა ასაკის ბავშვებისთვისაც შეკეროს.

-„ვცდილობ, ფასები იყოს ხელსაყრელი. მანიკოს გამოარჩევს მინიმალისტური მიმართულება, ვკერავთ სამოსს, რომელიც ბავშვს სძენს მეტ სილაღეს. თავად დედა ვარ და ვიცი რასაც ნიშნავს კომფორტული ტანსაცმელი, როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვის. როცა ბავშვს აცვია კომფორტულად, ბუნებრივია ეს განაპირობებს დედის კომფორტსაც,“- ამბობს მარიამი speqtri.ge-სთან.

თავის დამკვიდრებას სოციალური ქსელების საშუალებით ცდილობს. ბრენდის შექმნიდან მცირე ხნის მიუხედავად, გამოხმაურებები მაინც აქვს. მარიამი იმედოვნებს, რომ მალე უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს მის ბრენდს და მეტი მომხმარებელი ეყოლება, ისინი, ვისთვისაც ხარისხი და სისადავე მნიშვნელოვანია.




| Print |
FaceBook Twitter Google