ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია პირველ მარტს იწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყება და 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასურია 50 ლარი.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ის პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე: www.naec.ge; online.naec.ge და ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/www.naec.ge/ განთავსებულ ინფორმაციაზე. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ცენტრის ცხელი ხაზის ოპერატორს ნომერზე: (032) 2473333.

| Print |
FaceBook Twitter Google