ზაფხულამდე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას გეგმავენ
ევროკავშირის ლიდერები ზაფხულამდე ე.წ. კოვიდპასპორტების შემოღებას აპირებენ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

ევროკავშირის ლიდერების სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით საერთო მიდგომაზე მუშაობა გრძელდება. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საერთო მიდგომის შემუშავებას სულ ცოტა სამი თვე დასჭირდება

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.

ინიციატივის მხარდაჭერას არ ჩქარობს გერმანია და საფრანგეთი. პარიზსა და ბერლინში მიიჩნევენ, რომ ასეთი პასპორტების ან სერტიფიკატების შემუშავება ნაადრევია, ვინაიდან მონაცემები ვაქცინების ეფექტურობასთან და ვირუსის შემდგომ გადაცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასრულია. აღნიშნული ქვეყნები ასევე თვლიან, რომ მხოლოდ კოვიდვაქცინირებული პირებისთვის მოგზაურობაზე ნების დართვა იმ დროს, როდესაც ვაქცინაციის პირველ ფაზებში ახალგაზრდები ნაკლებად პრიორიტეტულ სეგმენტად მოიაზრებიან, დისკრიმინაციული იქნება. გერმანია და საფრანგეთი თავშეკავების კიდევ ერთ მიზეზად ვირუსის სწრაფად გავრცელებას, ახალ შტამებსა და შემდგომ მუტაციას ასახელებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google