თბილისში მოსწავლეები ლურჯი მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ,
პირველი აპრილიდან თბილისის მოსწავლეებისთვის ლურჯი მიკროავტობუსები უფასო იქნება, სტუდენტები და სკოლების და ბაღების მასწავლებლები კი, შეღავათებით ისარგებლებენ.
თბილისის საკრებულომ შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებები უკვე განახორციელა, მათ შორისაა მიმართვა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის, რომელმაც მერიის შესაბამის სტრუქტურებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში არსებული მონაცემები უნდა მიაწოდოს, რომ შემდეგ მათზე სამგზავრო შეღავათები გავრცელდეს.

ამ დროისთვის შეღავათიანი სატრანსპორტო ტარიფები განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის დედაქალაქში ასეა განაწილებული: უფასოდ მგზავრობენ თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები, 20 თეთრს იხდიან სტუდენტები, სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, მათ შორის მანდატურები, დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები. 20-თეთრიანი ტარიფით მგზავრობენ ასევე საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები.

მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა დაშვებულია მხოლოდ ბარათით. მეტრო, ავტობუსაა და მიკროავტობუსში უფასოდ მგზავრობისთვის მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ სპეციალური ბარათები – სქულქარდები, რომელბსაც მაღალი კლასების მოსწავლეები უკვე ფლობენ. პირველკლასელების მშობლებს კი – სქულქარდის მისაღებად შეუძლიათ შესაბამის ბანკს მიმართონ.


| Print |
FaceBook Twitter Google