დედოფლისწყაროში პირად საკუთრებაში არსებულ ტრანსპორტზე 26.4 ტონა საწვავი გაიცა - აუდიტის დასკვნა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სულ გაცემულია 26.4 ტონა საწვავი, ჯამური ღირებულებით − 60.1 ათასი ლარი, - აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომელიც 2018-2019 წლებს მოიცავს.

„საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მიზანშეწონილი იყო 5 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 2 განპიროვნებული და 8 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხოლო 2019 წელს – 2 განპიროვნებული და 11 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი 2018 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 23 ავტომანქანაზე, ხოლო 2019 წელს − 24 ავტომანქანაზე.

პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სულ გაცემულია 26.4 ტონა საწვავი, ჯამური ღირებულებით − 60.1 ათასი ლარი,“ -აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ავტომანქანების ზღვრული ოდენობის დაუცველობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. თუმცა, როგორც ანგარიშშია აღნიშNული, მიუხედავად ამისა, არსებული ხარვეზი კვლავ მოუგვარებელია.

აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.
| Print |
FaceBook Twitter Google