დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელსაც მომღერლები არ ჰყავს - აუდიტი
ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია კულტურის სახლთან არსებულ მომღერალთა ანსამბლ "აისელების" ხელმძღვანელთან, თუმცა ანსამბლში წევრები (მომღერლები) არ ირიცხებიან - აღნიშნული დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესწავლის შემდეგ გამოაქვეყნა.


დოკუმენტის მიხედვით, პასუხისმგებელი პირები განმარტავენ, რომ ეს გარემოება გამოწვეულია თაობათა ცვლით, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისათვის არ არიან მიღებული.


გარდა ამისა, ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრს 2018-2019 წლებში სუბსიდიის სახით მიღებული აქვს 617.2 ათასი ლარი, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია 442.7 ათასი ლარი (72%). დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2019 წლებში შეადგენდა 50-50 ერთეულს.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ რიგი თანამდებობები იდენტური ფუნქცია-მოვალეობების მატარებელია, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ხელოვნურად არის გაზრდილი საშტატო ერთეულების რაოდენობა.

"დირექტორის 2 მოადგილის ძირითადი მოვალეობაა ცენტრის საქმიანობის ზედამხედველობა და ღონისძიებების მონიტორინგი. ამასთანავე, ა(ა)იპ-ში საშტატო განრიგით განსაზღვრულია სპორტული ღონისძიებების კოორდინატორის თანამდებობა.

განსაზღვრულია მწვრთნელების კურატორის 2 საშტატო ერთეული, რომელთა მოვალეობას წარმოადგენს სამწვრთნელო პროცესის დაკვირვება და კონტროლი. ფაქტობრივად იმავე ფუნქციებს ასრულებს მწვრთნელებისა და სპორტული სექციების მონიტორინგის სპეციალისტი.

ახალგაზრდობის სამსახურში დასაქმებულია 5 სპეციალისტი, რომელთა მოვალეობები ერთმანეთის მსგავსია. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ძირითად საქმიანობას ახორციელებს 2 თანამშრომელი, ხოლო დანარჩენი 3 სპეციალისტის მოვალეობაა მთავარი სპეციალისტის დახმარება."


ანგარიშში აქცენტი კეთდება ასევე მეორე გარემოებაზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს 2018-2019 წლებში მიღებული აქვს 1,052.7 ათასი ლარი. შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441.9 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს. 2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით).

"კულტურის ცენტრს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გააჩნია განყოფილებები, რომლებშიც ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები. მათი საქმიანობის შესწავლით და ობიექტების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ ზოგ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებულებას არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა (შენობა- ნაგებობა, შესაბამისი ინვენტარი, სასწავლო პირობები და სხვ.)

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სოფლებში კულტურის სახლები არ ფუნქციონირებს, შემოქმედებითი წრეები განლაგებულია ადმინისტრაციული შენობების ცალკეულ ოთახებში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ჯგუფის მიერ ობიექტების დათვალიერებისას შესაბამისი მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი. შედეგად, აუდიტის ცნობით, არსებობს რისკი, რომ აღნიშნულ ობიექტებში საქმიანობა არ ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ამ განყოფილებებში შრომის ანაზღაურება გაიცემა როგორც შტატით, ასევე, შტატგარეშედ მიღებულ თანამშრომლებზე." – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

ამ გარემოებების საფუძველზე, აუდიტის ანგარიშში დასკვნის სახით ვკითხულობთ:

"მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას. ამასთანავე, საშტატო ერთეულების დატვირთვის გაანალიზებისას განხილულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. გამომდინარე აღნიშნულიდან, სპორტის და კულტურის წრეებში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. შედეგად, ვერ მოხერხდა საშტატო ერთეულების ყოველდღიური დატვირთვის სრულად შესწავლა, თუმცა მიღებული შედეგის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სხვა საშტატო ერთეულებსაც არ გააჩნდეთ ყოველდღიური დატვირთვა."

მათ ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს გარკვეული სახის რეკომენდაციაც მისცეს.

"მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს;
მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შტატით დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას." - ვკითხულობთ ანგარიშში.



| Print |
FaceBook Twitter Google