ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმძღვანელოებს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადათარგმნიან
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებისთვის, გრიფირებულ სახელმძღვანელოებს რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე გადათარგმნიან.
თარგმნის მომსახურების შესყიდვას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო დაჩქარებული წესით ითხოვს და 638 617.77 ლარის გადახდას აპირებს. სააგენტო რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე VIII კლასის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების (ქიმია, ისტორია, მოქალაქეობა, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა) და VII კლასის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თარგმნას გეგმავს.

„სახელმძღვანელოების რუსულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნის გარდა უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ნათარგმნი სახელმძღვანელოების კორექტირება, სტილისტური გასწორება, სამეცნიერო რედაქტირება (დარგის სპეციალისტის მიერ) და დაკაბადონება. შესაბამისად, სააგენტოსთვის წარდგენილი გამოსაცემად გამზადებული საბეჭდი ფაილის (სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში, DPI − არანაკლებ 3600) მომზადება მოითხოვს სპეციალურ ცოდნას და უშუალოდ სასკოლო სახელმძღვანელოების თარგმნის გამოცდილებას. ამასთან, სახელმძღვანელოები უნდა იყოს ნათარგმნი შესაბამისი საგნის და ენისთვის მორგებული ტერმინოლოგიით და გრამატიკული შესატყვისობებით და ზედმიწევნით უნდა შეესაბამებოდეს ორიგინალს“, – ნათქვამია შესყიდვების სააგენტოსთვის უწყების მიერ გაგზავნილ მიმართვაში.

| Print |
FaceBook Twitter Google