1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა. ამ დღეს,
გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია
დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
აქციებმა თბილისში პიკს 4 აპრილს მიაღწია. ამ დღეს მოეწყო
ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, მთავრობის სახლის წინ კი
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და აქციის სხვა
მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს.
1989 წლის 7 აპრილს თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების
მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, აგრეთვე, საგანგებო დანიშნულების
მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.
9 აპრილს, 11 საათზე კომენდანტის საათი თბილისში გამოცხადდა, მაგრამ
ცნობა მოსახლეობას ტელევიზიით კომენდანტის საათის ამოქმედების შესახებ
მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა. ქალაქის სამხედრო კომენდანტად
როდიონოვი დაინიშნა.
აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო. დარბევისას საბჭოთა კავშირის
შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე
ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანმანქანები და ტანკები
გამოიყენეს.
დარბევის შედეგად ათასობით მოქალაქე მოიწამლა.
მასალის გამოყენების პირობები