4-11 მაისი უქმედ ცხადდება
4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.


საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული შემთხვევების მატების დინამიკა საყურადღებოა და როგორც ხელისუფლების, ისე მოქალაქეების მხრიდან განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მიდგომას მოითხოვს.


„საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია. ამასთან, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა ფართობის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და სხვ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მთავრობის მეთაურის დავალებით, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომლებიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.
საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ღამის 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.“ - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 287 183 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 276 426 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 858 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 233 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 285 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 129 პირი.


| Print |
FaceBook Twitter Google