„ცისკარაანთ“ და „ნატოს“ წყაროს წყლის ნიმუშებში დარღვევები გამოვლინდა
მას შემდეგ, რაც speqtri.ge-მ გურჯაანში არსებული წყაროების საკითხი გააშუქა, სადაც საუბარი იყო, რომ მათ შემოწმებაზე პასუხისმგებლობას არცერთი უწყება არ იღებდა, ააიპ გურჯაანის მუნიციპალური სერვისის სანიტარულმა განყოფილებამ, სინჯები აიღო.

მუნიციპალურ სერვისში განმარტავენ, რომ 29 მარტს ლაბორატორიაში რვა ნიმუში შევიდა. ესენია: სოფელ კარდენახის- სტადიონის ჭაბურღილი, სოფელ გურჯაანის- „ბეზარაანთ“, „ცისკარაანთ“ და „ნატოს“ წყარო, ქალაქ გურჯაანში სამოცბინიანთან მდებარე ჭაბურღილი, 9 აპრილის ქუჩაზე არსებული ჭაბურღილი, ასევე, ახტალისა და ვაშლების წყაროები.

როგორც ლაბორატორიის დასკვნაში ვკითხულობთ, ჩატარდა ნიმუშების ორგანოლეპტიური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლელები.
„უმნიშვნელო დარღვევები გამოვლინდა „ცისკრაანთ“ და „ნატოს“ წყაროების წყლის ნიმუშების მიკრობიოლოგიური ანალიზების მონაცემებით. „ცისკარაანთ“ წყაროს წყალში კოლიინდექსი არის 7 (ნორმა 3), ხოლო „ნატოს“ წყაროს წყალში კოლიინდექსი არის 4 (ნორმა 3). დანარჩენი საანალიზო ნიმუშების გამოკვლევის შედეგები ნორმის ფარგლებშია“-ვკითხულობთ დასკვნაში.

ააიპი მუნიციპალური სერვისის სამსახურის სპეციალისტის ნანა ზირაქაშვილის განმარტებით, ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებლები.
„წყარო არის ნიადაქვეშა ზედაპირული წყლები და ნალექის დროს მათი დაბინძურების უფრო მეტი შანსი არსებობს. მათ არ აქვთ სათავე და ზოგიერთს - შემკრებიც კი. ამიტომ შეიძლება ხვალ, რომ გავაკეთოთ ანალიზი, კარგი შედეგი გვაჩვენოს, ზეგ ისევ ცუდი და ა.შ. კოლი ინდექსი არის ნაწლავის ჩხირი. როცა შევამოწმეთ სინჯები, ერთგან მივიღეთ შვიდი, ხოლო მეორეგან ოთხი. რომ გითხრათ ეს საგანგაშოა, ასე არ არის. ადამიანის ორგანიზმისთვის ეს არ არის საზიანო. ჩვენს ორგანიზმში ნაწლავის ჩხირი ისედაც არსებობს. რომ იყოს კოლი ინდექსი 50 და მეტი, ეს უკვე საგანგაშოა. ბევრი ფიქრობს რომ წყაროს წყალი კარგია, მაგრამ მე მგონია ქსელის წყალი უფრო დაცულია. “ - გვეუბნება ნანა ზირაქაშვილი

მისივე თქმით, უკვე წლებია გურჯაანის მუნიციპალიტეტში ნაწლავური ინფექციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

| Print |
FaceBook Twitter Google