საქართველოში ჯერ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები შემოვა - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ჯერ „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზა შემოვა, შემდეგ არის „ფაიზერის“ მოლოდინი. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „მოდერნასთანაც“, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ ცნობილი არ არის.

„პორტალმა გვიჩვენა, რომ „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ განსაკუთრებული სანდოობა და მოთხოვნაა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ასევე ჩვენ ვაკვირდებით, რომ მესამე ადგილზეა „ასტრაზენეკა“, რაც მიუთითებს სახელმწიფოს სწორ გადაწყვეტილებას „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ თვის ბოლოს შემოვა „ასტრაზენეკას“ შემდეგი მოცულობა საქართველოში - 50 ათასამდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში, ეს გადაწყვეტილება მიიღო „კოვაქსპლატფორმამ“ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცით თითოეულ ვაქცინას აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში.ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც „ფაიზერი“ საქართველოს მოაწვდის დათქმულ და შეთანხმებულ დოზებს. რაც შეეხება „მოდერნას“, მასთან მიმართებაში მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპისთვის საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google