საგარეჯოსა და ლაგოდეხში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - პატარძეულსა და მანავში, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული წაბლის, წიფელის, რცხილასა და ნეკერჩხლის სახეობის 12 მ3-მდე ხე-ტყის ტრანსპორტირებას.

ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის მიმდებარე ტყის ფონდში, ასევე ჭიაურის სატყეოსა და შპს "ფაუნას" ტერიტორიაზე, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს და დაამზადეს ჭადრის, მუხისა და კაკლის სახეობის 6 მ3-მდე პირველი ხარისხის ხე-ტყე, რომელიც მათ საჭაპნე საშუალებებით უკანონოდ გადაჰქონდათ.

5 სამართალდამრღვევის მიმართ, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. 2 ფაქტი კი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს (გარემოსთვის მიყენებული მოცულობითი ზიანის გამო) და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

| Print |
FaceBook Twitter Google