გადავსებული საკანალიზაციო ჭა ვეჯინში და საფრთხე, რომელიც ბაღის აღსაზრდელებს ექმნება
სოფელ ვეჯინში საერთო საცხოვრებლისა და ამბულატორიის საკანალიზაციო ჭა გადავსებულია და ფეკალური მასა დასახლებაში ღიად მიედინება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის გამო წლებია გაუსაძლის პირობებში უხდებათ ცხოვრება. აღნიშნულ ტერიტორიას ასევე ესაზღვრება საბავშვო ბაღის ეზო.
ვეჯინში მცხოვრები მარინე მარსაგაშვილი გვიყვება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს როგორც მერის წარმომადგენელს სოფელში, ასევე მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.
„მე აქვე ვცხოვრობ და ნიავი რომ უბერავს ისეთი საშინელი სუნი დგება, გარეთ ვერ გამოვსულვარ. სად გავიქცე აღარ ვიცი. არჩევნებისთვის მოვიდნენ და ამოასუფთავეს, იმის შემდეგ არავის მოვუკითხივართ. კარგად ხედავთ, რა მდგომარეობაა. ლამის გადავსახლდე აქედან. კანალიზაციით კორპუსი და ამბულატორია სარგებლობს. რწმუნებულს რამდენჯერმე მივმართეთ და გვითხრა გავასუფთავებთო, მაგრამ როდის - არ ვიციო. ეხლა ხომ დგა სუნი, რომ დაცხება მაშინ უფრო საშინელებაა. ვის მივმართოთ ამ არეულ ქვეყანაში, არ ვიცით. ვიხრჩობით, აღარ შეგვიძლია.“

პრობლემაზე საუბრობს ნანა ჩუთლაშვილიც.
„ეს საშინელი მდგომარეობა ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით - ზაფხულში. ეხლაც კი ისეთი სუნი დგას, ფანჯარას ვერ ვაღებთ. ჭა ძალიან მალე ივსება, ამოასუფთავეს სპეც. მანქანით და ორ კვირაში ისევ გადაივსო. აქ ადრე იყო ძველი კანალიზაცია, რომელიც ბაღზე საერთოდ არ ჩადიოდა და არც არავის აწუხებდა. არ ვიცი ის რატომ არ აღადგინეს, ალბათ ბევრი თანხა იყო საჭირო, ეს კი მარტივად გასაკეთებელი აღმოჩნდა.“

ვეჯინში მცხოვრები ელმირა ბეციაშვილის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა საბავშვო ბაღს ექმნება და ეპიდემიის გავრცელების საფრთხეც არსებობს.
„ეს არ აწუხებს მხოლოდ მოსახლეობას, ანალოგიურად არის ბაღის პრობლემაც. მენეჯერს მინიმუმ წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა მიემართა როგორც ადგილობრივი რწმუნებულისთვის, ასევე მერიისთვის და ბაღების გაერთიანებისთვის, რადგან დღის განმავლობაში აქ არიან ბავშვები. არის ეპიდემიის ძალიან დიდი საფრთხე, რომელსაც არ აქცევენ ყურადღებას და ალბათ მათთვის სულერთია. ამბობენ, ბავშვები ჯერ გარეთ არ გამოგვყავსო, მაგრამ ფანჯრებს ხომ მაინც ხსნიან! ეს სუნი უნდა ისუნთქონ?! ეს არის მთელი სოფლის პრობლემა. ღმერთმა არ ქნას ეპიდემია გავრცელდეს, ეს ძნელი აღსაკვეთი იქნება.“

speqtri.ge-ს მოსახლეობასთან საუბარს ეზოდან ისმენდა საბავშვო ბაღის პერსონალიც. იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა ბაღის მენეჯერმა აღნიშნული პრობლემის გამო სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებას, ან სხვა რომელიმე სტრუქტურას, საბავშვო ბაღში მივედით, თუმცა ბაღის პერსონალმა ეზოს კარი ჩვენს მისვლამდე ბოქლომით დაკეტა და არ გამოჩენილან. ჩვენს ნახევარსაათიან მოლოდინს ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალს.
როგორც სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში გავარკვიეთ, მათთვის მსგავსი პრობლემით ოფიციალურად არავის მიუმართავს. თუმცა, აღნიშნულ

საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია მუნიციპალიტეტის მერი, არჩილ ხანდამაშვილი. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში განაცხადა, პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ.
„რაც მე მერის პოზიციაზე ვარ, კანალიზაციას ყოველ წელიწადს ვწმენდთ, მაგრამ პრობლემა ისევ წარმოიშვა. ვაპირებთ, მოვაწყოთ კაპიტალური სეპტიკი, რომელზეც პროექტირება უკვე დასასრულს მიუახლოვდა და სამუშაოები დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. შესაბამისად, აუცილებლად გამოვძებნით თანხებს, რომ ამ პრობლემას დავუსვათ წერტილი. ბავშვებისთვის საფრთხე რომ არ შექმნილიყო, სწორედ ამიტომ ვიღებდით ჩვენს თავზე მის გაწმენდას, თორემ კორპუსი კერძო საკუთრებაა და თვითონ უნდა მიხედონ პრობლემას. “

რა თანხა იქნება საჭირო აღნიშნული სისტემის მოსაწყობად, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი, მაშინ როდესაც, საპროექტო სამშაოები დასრულდება.






| Print |
FaceBook Twitter Google