„სინოვაკზე“ რეგისტრაცია იწყება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიმდინარე კვირიდან ჩინური წარმოების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკზე“ რეგისტრაცია დაიწყება.

„ვფიქრობთ, რომ კვირის ბოლომდე დაიწყება რეგისტრაცია „სინოვაკზე“ და უკვე მომდევნო კვირიდან „სინოვაკის“ მიღების შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ მოქალაქეებს. 20-ზე მეტ ქვეყანაშია „სინოვაკი“ ავტორიზებული და 10 მილიონი ადამიანია აცრილი, მათ შორის, აზერბაიჯანსა და თურქეთში,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განმარტებით, საკოორდინაციო საბჭომ მხარი დაუჭირა „სინოვაკის“ გამოყენებას მანამდე, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან საბოლოო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ „სინოვაკი“ იგივე ტიპის ვაქცინაა, რაც „სინოფარმი“ და იგი ტრადიციული მეთოდით, ინაქტივირებული ვირუსისგან არის დამზადებული.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 100 000 დოზა „სინოვაკი“ ჩინეთის მთავრობისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით, აპრილის ბოლოს მიიღო. ვაქცინასთან ერთად საქართველოს 100 800 ცალი შპრიცი გადმოეცა. „სინოვაკის" ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და წამლების ევროპული სააგენტო (European Medicines Agency/EMA) განიხილავენ. აღნიშნულზე გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google