ქვევრს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიენიჭა
ქვევრი პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სახელმწიფო რეესტრს დაემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ქვევრის დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის დამადასტურებელი მოწმობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარეგისტრაციო მონაცემებში დეტალურად გაწერა ქვევრის, როგორც საღვინე ჭურჭლის ფორმა, აღწერილობა, ზომები და მოცულობა, დასამზადებელი ნედლეული, დამზადების ტექნოლოგია და სხვა მახასიათებლები. აღნიშნული სპეციფიკაციების დაცვა ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სტატუსი / ქვევრი /