ყურძენი უნდა იკრიფებოდეს კონდიციურ მდგომარეობაში, რაც იქნება წახალისებული - ლევან დავითაშვილი
მთავრობის სხდომაზე „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები მიიღეს.

ცვლილებების თანახმად, კახეთში მოწეული ყურძნისგან დამზადებული ღვინის ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა განისაზღვრება არანაკლებ 10,5%-ით. ამ დრომდე, ეს მაჩვენებელი შეადგენდა არანაკლებ 9,0 %-ს.ცვლილება არ ეხება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის, ლიქიორული, შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, სადესერტო, არომატიზებული, ქვევრისა და აისვაინის ღვინოებს, რომელთა სპირტშემცველობაც რჩება რეგლამენტით აქამდე განსაზღვრულ მაჩვენებელზე.

„შარშან, რთველის დასრულების შემდეგ, ჩვენ დავაანონსეთ, რომ 2021 წლის რთველის დროს, ყურძნის ხარისხის კონტროლის გამკაცრება მოხდებოდა მთელი რიგი მიმართულებით, რაზეც კომუნიკაცია წლის დასაწყისიდან გვქონდა. ღვინის სანედლეულო ბაზა უნდა იყოს უფრო ხარისხიანი, ყურძენი უნდა იკრიფებოდეს კონდიციურ მდგომარეობაში, რაც იქნება წახალისებული, განსხვავებით, არაკონდიციური ყურძნისგან, რომელიც არის უხარისხო სანედლეულო ბაზა და, საბოლოოდ, ქართული ღვინის ხარისხზე და იმიჯზე უარყოფითად აისახება. დღევანდელი შესწორებით დავაზუსტეთ წარმოებული სპირტის შემცველობა კახეთის რეგიონში წარმოებულ იმ ღვინოებში, რომლებიც გადის სხვა ღვინოების კატეგორიაში. გვესმის, როგორია კლიმატური პირობები კახეთის რეგიონში, თუ ღვინოში ნაკლებია სპირტშემცველობა, ესე იგი არ არის დამზადებული ხარისხიანი და კონდიციური ყურძნისგან. მევენახეობის სხვა დანარჩენ ზონებში მოწეული ყურძნისაგან დამზადებული სხვა ღვინის სპირტშემცველობა რჩება, კვლავინდებურად, არანაკლებ 9,0 %“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა

პროექტით განსაზღვრული მოთხოვნა არ გავრცელდება 2021 წლის 1 აგვისტომდე წარმოებულ ღვინოზე, რაც მეწარმეებს მისცემს შესაძლებლობას განახორციელონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოებული ღვინის რეალიზაცია.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / ღინო /