სასკოლო ჟურნალის აღრიცხვის წესი შეიცვალა
განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, სკოლებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის არსებულ წესს გარკვეული მუხლები დაემატა.

უკვე ოფიციალურად დაზუსტდა, რომ მატერიალური და ელექტრონული ჟურნალის გამოყენების შემთხვევაში, უპირატესობა მატერიალურ ჟურნალში არსებულ მონაცემებს მიენიჭება.მინისტრის ბრძანება 4 ივნისს გამოქვეყნდა, დოკუმენტის თანახმად, სკოლა, რომელიც იყენებს მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, მოსწავლეთა დასწრების კუთხით, ხელმძღვანელობს მხოლოდ იქ არსებული მონაცემებით.

„2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების/აკადემიური მოსწრების შესახებ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი ან შეცდომით შეტანილი დაკორექტირებული შეფასებებისა და გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ „ჟურნალის წარმოების წესის“ მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი გაცდენებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდნენ როგორც ჟურნალს, ასევე – ელექტრონულ ჟურნალს, დასწრებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლას განახორციელებენ ჟურნალის მიხედვით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

| Print |
FaceBook Twitter Google