ივნისის ბოლოდან საქართველოში ვაქცინები შეუზღუდავი რაოდენობით შემოვა- თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინები შეფერხების გარეშე შემოდის.

მისივე თქმით, საქართველოში შემოვა ვაქცინები შეუზღუდავი რაოდენობით, მათ შორის „ნოვოვაქსი“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, ჩინური ვაქცინები და მოსახლეობას შეუზღუდავი წვდომა ექნება
„მსოფლიოში შეიმჩნევა ერთი სერიოზული ტენდენცია: იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული - ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, შეიმჩნევა ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების შემთხვევების სერიოზული კლება. იქ, სადაც ვაქცინაციის პროცენტი დაბალია, ჯერჯერობით ასეთი ტენდენცია არ შეიმჩნევა. ვიცით, რომ საქართველოში გვიან დაიწყო ვაქცინაცია, ტემპები თანდათან ძლიერდება, მოსახლეობამ დაძლია სკეპტიციზმი და არაჯანსაღი ძალების მიერ ორგანიზებული პროპაგანდა, 170 000 აცრაა გაკეთებული და გვქონდა ერთადერთი სერიოზული გართულება. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, რამეთუ უცხო ქვეყნებში დაახლოებით 120 000 შემთხვევაზე ერთი სასიკვდილო შემთხვევა ფიქსირდება ხოლმე. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ კარგი პერსპექტივები გვაქვს ვაქცინაციაში, თუმცა დღეისთვის ძალიან სერიოზულად ჩამოვრჩებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს. სულ 5%-ია ვაქცინირებული ჩვენთან, ამ დროს კი ევროკავშირის ქვეყნებში - მესამედი, აშშ-ში დიდ ბრიტანეთსა, და ისრაელში კი ორ მესამედზე მეტი. ჩვენთან შეინიშნება ინფიცირების კვლევა, მაგრამ არა ისეთი სწრაფი, როგორც ვაქცინაციის კარგი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებში. კარგია, რომ პიკი გადავიარეთ და ეს დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად აღარაა შეზღუდვები“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.

| Print |
FaceBook Twitter Google