„პაპას ბაღში“ მინი ბიბლიოთეკა მოეწყო
დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო გაერთიანების და  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ,,პაპას ბაღში" მინი ბიბლიოთეკა მოეწყო.

საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორის, ეკა ბეროშვილის განცხადებით, ეს პროექტი უკვე დიდი ხანია არსებობს.
„ეს გიორგი კეკელიძის პროექტია და დიდი ხანია არსებობს. მასში უკვე ბევრი მუნიციპალიტეტია ჩართული. ჩვენ თითქმის ორი წლის წინ შევთავაზეთ, რომ გურჯაანშიც განხორციელებულიყო მსგავსი პროექტი. ამაზე მიმდინარობდა მუშაობა. დღეს არის ბედნიერი დღე, რადგან გაიხსნა მინი ბიბლიოთეკა. ყველას მოვუწოდებ მოვიდნენ და ისარგებლონ ამით.“

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განმარტებით, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზააა ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებისთვის.
„ეს ინიციატივა უკვე წლებია ხორციელდება. დიდ წილად ამართლებს კიდეც, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, სადაც არ გაამართლა. დარწმუნებული ვარ, გურჯაანში ასე არ იქნება. საჭიროა აქტიურად შევახსენოთ ახალგაზრდებს წიგნი და წიგნიერების მნიშვნელობა. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, მათ ეს ხშირად არ ესმით, ამიტომ აუცილებელია ჩვენი აქტიური ჩართვა. მე ვიცი ახალგაზრდები, რომლებიც იმაზე მეტ წიგნს კითხულობენ, ვიდრე მე მქონდა წაკითხული მათ ასაკში. “

იდეა მოეწონათ ახალგაზრდებს. ნათია სონღულაშვილის თქმით, მსგავსი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის.
„ასეთი ღონისძიებები მართლაც მნიშვნელოვანია პირველ რიგში იმიტომ, რომ წიგნიერების ამაღლების ერთ- ერთი ყველაზე კარგი გზაა. ეს ჩვენთვის წიგნის სურვილსაც უფრო გაამძაფრებს.“

| Print |
FaceBook Twitter Google