არასრულწლოვან პატიმართა სარეაბილიტაციო და სასწავლო აქტივობები შეჩერდა
განსაკუთრებული პირობების შემოღების შედეგად, არასრულწლოვნებს გარე სამყაროსთან კონტაქტი ისევე შეეზღუდათ, როგორც სრულწლოვან პატიმრებს.

„ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 5 მარტიდან ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა და უკიდურესად შეიზღუდა სარეაბილიტაციო აქტივობები. 2020 წლის 30 მარტს განხორციელდა სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების დაწესებულებების გარე პერიმეტრზე გაყვანა და ისინი დღემდე გარე პერიმეტრიდან ახორციელებენ საქმიანობას, შუშის ბარიერს მიღმა ხვდებიან მსჯავრდებულებს და ასევე დაწესებულების შიდა ტელეფონის მეშვეობით უწევენ მათ კონსულტაციებს. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული პირობების ხანგრძლივი დროით შემოღების მაღალი ალბათობა არსებობდა, გაჭიანურდა სარეაბილიტაციო აქტივობების ჩატარების ალტერნატიული გზების ძიების პროცესი. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის ვიზიტის დროს, N11 დაწესებულებაში უკვე დაწყებული იყო დისტანციური სწავლება (საგაკვეთილო პროცესი)“, – წერია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 15 ივნისს გასაჯაროვდა.

ამავე ანგარიშის თანახმად, არასრულწლოვანთა საპატიმროებში შეჩერდა როგორც სარეაბილიტაციო, ასევე საგანამანთლებლო აქტივობები, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია არასრულწლოვანთა როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.


სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პანდემიით გამოწვეულ ვითარებაში მნიშვნელოვანია სასწრაფო წესით მოძიებულ იქნას სარეაბილიტაციო აქტივობების ჩატარების ალტერნატიული შესაძლებლობები, დისტანციურ რეჟიმში აქტიურად განხორციელდეს შეხვედრები სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან და დაიგეგმოს სხვადასხვა სახის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული აქტივობები.

| Print |
FaceBook Twitter Google