„რემდესივირის“ 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამერიკულმაკომპანიამ Gilead -მა საქართველოს საჩუქრად 10 000 ფლაკონი „რემდესივირი“ გადასცა. მისივე თქმით, მედიკამენტი უკვე თბილისშია.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, აღნიშნული ძალიან დაეხმარება ქვეყანას COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.

„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Gilead -მა ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და COVID პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების COVID-19-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ რემდესივირის 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება COVID პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთ გარემოება.

არსებული კანონმდებლობით კომპანია Gilead”-ს ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს რემდესივირით ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია Gilead -ის ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული რემდესივირი - 4000 ფლაკონი”, - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

| Print |
FaceBook Twitter Google