აპლიკანტებისთვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია
დღეიდან აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეუძლიათ.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა. შ. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს – „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა.მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

შეგახსენებთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.

| Print |
FaceBook Twitter Google