ბაღის მენეჯერების ატესტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
გურჯაანში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მენეჯერების ატესტაცია ჩატარდა, რომელიც 37-ვე ბაგა-ბაღის მოქმედ მენეჯერებს შეეხო.

გაერთიანების დირექტორის, ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ატესტაცია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ჩატარდება.
„2020 წელს გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების წესდებაში მუნიციპალიტეტის მერის მიერ, შეტანილი იქნა ცვლილება, მენეჯერთა ატესტაციასთან დაკავშირებით. ცვლილების შესაბამისად, საბავშვო ბაღის მოქმედი მენეჯერები დაექვემდებარებიან ატესტაციას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. მენეჯერებს მიეცათ პრაქტიკული დავალება, რის შედეგადაც შემოწმდა მათი უნარ - ჩვევები კომპიუტერულ პროგრამაში, ასევე მოხდა ზეპირი გასაუბრება იმ საკანონმდებლო აქტების გარშემო, რომლის ცოდნაც მათთვის სავალდებულოა. ამ ეტაპზე 37 -მენეჯერიდან რვამ არ მიიღო მონაწილეობა. აქედან ოთხმა ავადმყოფობის გამო, რომელთაც ჩაუტარდებათ განმეორებითი ატესტაცია, ხოლო ოთხმა - უარი თქვა თავისი სურვილით. ტესტირების შემდეგ ხუთმა ვერ გადალახა ბარიერი და მიიღო შეფასება, რომ არ შეესაბამება დაკავებულ პოზიციას, 4 ნაწილობრივ შეესაბამება და მიეცა რეკომენდაცია, რომ ხელახლა გაიაროს ატესტაცია, სხვა მენეჯერებმა კი, წარმატებით გადალახეს ბარიერი.“

მისივე თქმით, საბოლოო შედეგები ივლისის ათ რიცხვამდე გახდება ცნობილი. რაც შეეხება იმ მენეჯერებს, ვინც ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, ისინი პირველ აგვისტომდე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ახალი მენეჯერები კი, კონკურსის წესით შეირჩევიან.

| Print |
FaceBook Twitter Google