მასწავლებლების ანაზღაურება, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2200 ლარი იქნება- ირაკლი ღარიბაშვილი
უმაღლესი განათლების დაფინანსებაზე 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა განაცხადა. მისივე თქმით, ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებელთა ანაზღაურებაც.

„კვლავ დიდ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას, როგორც ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო ათი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზრაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს, ასევე მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ზოგადი განათლების ბიუჯეტი, 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს, უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მილიონი ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი 243 მილიონი ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მილიონ ლარს მიაღწევს”, – განაცხადა მან.

პრემიერ-მინისტრმა განათლების ათწლიან სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ატქიურად მიმდინარეობს განათლების ათწლიან სტრატეგიაზე მუშაობა. მისივე თქმით, ასევე შემუშავდა (არ გამოქვეყნებულა ავტ.) განსხვავებული სასწავლო გეგმა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის.

„განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი პერსპექტივა, რა თქმა უნდა, აისახება ამ ათწლიანი განვითარების გეგმაში, რომელზეც აქტიურად მუშაობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად 2021 წელს პირველად ჩატარდა სკოლის მიღმა დარჩენილი მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა. პარალელურად შემუშავდა განსხვავებული სასწავლო გეგმა და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მათ სკოლაში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

| Print |
FaceBook Twitter Google