ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში - თამარ გაბუნია
2,5 მილიონი დოზა ვაქცინის შემოტანაზე ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტი აქვს გაფორმებული და რამდენიმე დღეში ველოდებით პირველ მოწოდებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მასობრივი ვაქცინაცია დავიწყოთ. 284 ბრიგადაა დღეს მობილიზებული და ჩართული ვაქცინაციაში. ერთ ბრიგადას დღეში 60 აცრის ჩატარება შეუძლია, რაც ჯამურად საკმაოდ დიდ რაოდენობას ქმნის და დღეში 17 000 აცრის ჩატარებაა შესაძლებელი. გარდა ამისა, იგეგმება ბრიგადების რაოდენობის გაორმაგება და იგეგმება მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების გააქტიურება. უკვე აქტიურია „ჰუალინგის მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი“. უკვე მიდის კონსულტაციები დიდ მოლებთან, სადაც ჯანდაცვის სამინისტრო და ამ პროცესში ჩართული კლინიკები გამართავენ ვაქცინაციის ცენტრებს იმისთვის, რომ თვეში სულ მცირე მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოვახერხოთ, რათა მეოთხე ტალღა თავიდან ავიცილოთ“, - აღნიშნა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google