დღეს შალვა ახალციხელის ხსენების დღეა
30 ივნისს წმ. შალვა ახალციხელის ხსენების დღე აღინიშნება. შალვა ახალციხელი – XII-XIII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი.

წმიდა მოწამე შალვა ახალციხელი გამორჩეული მეომარი იყო და წმიდა თამარ მეფის (ხს. 1 მაისს) მხედრობაში. ერთგულებისა, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა. შამქორის გამარჯვების შემდეგ მან ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობელს შესწირა სხვა უამრავ ნადავლთან ერთად.

უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით ბასიანის ბრძოლაში (1204 წ.) ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა წინამძღოლობდა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად. წმიდა თამარის ასულის, რუსუდანის მეფობის დროს ჯალალედინი შემოიჭრა საქართველოში დიდძალი ლაშქრით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მთავრად მოხუცებული ივანე ათაბაგი დაუდგინა. სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსულმანის წინააღმდეგ. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს, შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალა, ივანე ათაბაგი კი ძირითად ნაწილთან ერთად დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.

უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ ამაოდ ელოდნენ მაშველ ჯარს, „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რომელსა შურითა იტყვიან ამას ყოფად და არა თუ შიშითა. ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“, - წერს ჟამთააღმწერელი. დამარცხდნენ ქართველები, ოთხი ათასი ქართველი დაიღუპა ამ უთანასწორო ბრძოლაში, მოიკლა თვითონ ივანე ახალციხელი, ხოლო შალვა ტყვედ ჩაიგდეს და ჯალალედინს მიჰგვარეს.

შალვა კი ტყვედ ჩაიგდეს ხვარაზმელებმა. ჯალალედინმა ტყვისათვის შეუსაბამო პატივი მიაგო მას, განზრახული ჰქონდა ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში მისი გამოყენება “ახოვნებასა” და “წყობათა შინა სიქველის გამო”, მაგრამ ერთი წლის შემდეგ “ქრისტეს ჯურის არ დატევების გამო” სიკვდილით დასაჯა.

| Print |
FaceBook Twitter Google