მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში ექნებათ- ეკატერინე ტიკარაძე
მოქალაქეებს „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში ექნებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება კლინიკების ნაწილში, ხოლო „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულია ისეთი რეგიონები, სადაც სამწუხაროდ, კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნაკლები აქვთ. სწორედ ამ მომენტში, სხვა ფორმატში შევეცდებით და გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას. საქართველოში ერთი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ კი, თბილისში, „ჰუალინგის“ ცენტრში. მინდა მოქალაქეებისთვის განვმარტო, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება მხოლოდ კლინიკებში. ვინაიდან ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე, „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაშიც მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ კლინიკების ნაწილში. ხოლო ჩინური ვაქცინებით „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მათ შეეძლებათ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ამ პერიოდისთვის გვაქვს შეჯერებული“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google