სკოლის მანდატურებს კონფლიქტების მართვასა და ფსიქოლოგიაში გადაამზადებენ
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, გადამზადების სპეციალურ დისტანციურ კურსს გაივლიან.ელექტრონული სატრენინგო პორტალით, 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, 430 მოქმედი მანდატური გადამზადდება.

ინფორმაცია საგანმანათლებლო მანდატურის სამსახურმა 30 ივნისს გაავრცელა. მანდატურები ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას, პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებს, შშმ პირებთან კომუნიკაციის თავისებურებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განახლებული სასწავლო მოდულების მიხედვით შეისწავლიან.

კურსის დასრულების შემდეგ, მანდატურები შსს აკადემიაში ტესტირებას გაივლიან. გადამზადების დისტანციური კურსი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და შსს აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში, მოქმედი მანდატურებისთვის 2019 წელს შეიქმნა. აღნიშნული სატრენინგო-სასწავლო პორტალის მეშვეობით, უკვე 800-მდე მოქმედი მანდატური გადამზადდა.

| Print |
FaceBook Twitter Google