აბიტურიენტთა ქართულის ნაშრომების გასწორება ელექტრონულად დაიწყო
დღეს, 6 ივლისს აბიტურიენტები უცხოური ენის გამოცდას აბარებენ. პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე გაეცნო.

„დაიწყო უცხოურ ენებში გამოცდა, რომელიც 3 დღე გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად დღეს იწყება ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესი. გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე კოვიდინფიცირების გამო დაახლოებით 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, რომლებისთვისაც დაინიშნება დამატებითი სესია“, – განაცხადა მან.
გამოცდების ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნაშრომების გასწორება ელექტრონულად მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან სპეციალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან. გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას ორი გამსწორებელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ასწორებს. იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი გასასწორებლად მესამე სპეციალისტს გაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო – აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარეს. გამოცდები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.

| Print |
FaceBook Twitter Google