დღეს იოანე ნათლისმცემლის შობის დღეა
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.იოანე ნათლისმცემლის მშობლები იყვნენ მღვდელი ზაქარია და ელისაბედი.

ორივენი ხანში შესული იყო და მათ შვილები არ ჰყავდათ. ისინი უფლის ყველა მცნებას ასრულებდნენ.ერთხელ, როდესაც ზაქარია ტაძარში შევიდა საკმეველად, მთელი ხალხი კი გარეთ ლოცულობდა, მას მოევლინა ღვთის ანგელოზი. ზაქარია შეშინდა, ანგელოზმა კი უთხრა: "ნუ გეშინია, ზაქარია, შენი ვედრება შესმენილ იქნა. შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, რომელსაც შენ იოანეს დაარქმევ. ეს ამბავი შენი სიხარული იქნება. მისი შობით მრავალი გაიხარებს. ღვინოს არ დალევს, ბავშვობიდანვე სულიწმიდით აღივსება და ისრაელის მრავალ ძეს მოაქცევს უფლის მიმართ და უწინამძღვრებს მათ ელიას სულითა და ძალითო".

იოანე ნათლისმცემელი უფლის წინამორბედი იყო. ის ბავშვობიდანვე უდაბნოში იზრდებოდა, მარხვით და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისთვის. 30 წლის იოანე მდინარე იორდანეში ნათლავდა იუდევლებს, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი“.იოანეს „ნათლისმცემელი“ ეწოდა იმის გამო, რომ უფალმა მისი ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი.

| Print |
FaceBook Twitter Google