ოთხმა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა
„მთავარი არხი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ და „კავკასია“ 24 საათით მაუწყებლობას წყვეტენ.

მათი მთავარი მოთხოვნებია, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დაისაჯოს ყველა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ იძალადა ეკრანებზე ჩნდება წარწერა: "გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! დაისაჯოს ყველა მოძალადე!". გარდა ამისა, ეკრანებზე ჩანს 5-6 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების სია.

ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისის დილას ოჯახის წევრებმა საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი, 5 ივლისს, სიძულვილის ჯგუფების მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა მაშინ, როცა "სირცხვილიას" ოფისთან გადაღებაზე იმყოფებოდა. მასზე ძალადობაში ბრალდებული მხოლოდ 5 პირია დაკავებული - ერთი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსული მოძალადე ჯგუფების მიერ თბილისის სხვადასხვა ნაწილში განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია.

| Print |
FaceBook Twitter Google