პური ათი თეთრით გაძვირდა
საქართველოში პური კიდევ 10 თეთრით გაძვირდა. მიზეზად ფქვილის და დამხმარე მასალების გაძვირება სახელდება.
„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განმარტებით, პურის გაძვირების მიზეზი სახელმწიფო სუბსიდირების დასრულების შემდეგ მწარმოებლებისთვის ნედლეულზე ფასების ზრდაა. ამის შესახებ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„სახელმწიფოს მხრიდან ფქვილის სუბსიდირების პროგრამიდან გამოსვლის შედეგად, დღეს 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 61-62 ლარს შეადგენს. ამის გამო წარმოებები იძულებული შეიქმნენ ისეთ პურზე, როგორიცაა ქვის პური, კორექტირება შეეტანათ. შესაბამისად, ეს პური დაახლოებით 10 თეთრით გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ პურის მწარმოებლებმა ფასი მხოლოდ 10 თეთრით გაზარდეს, ჩვენ საბოლოო რეალიზაციის ფასში ვერ ვერევით. ბაზრის ლიბერალიზაციიდან გამომდინარე ზოგიერთმა მაღაზიამ ფასი შეიძლება უფრო მეტადაც გაზარდოს, რაც ჩემი შეფასებით, მათი მხრიდან არასწორი იქნება. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, „ნიკორას“ ქსელში პური 15 თეთრით გაძვირდა“, - განმარტა მალხაზ დოლიძემ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გაძვირება / პური /