„თბილისი პრაიდის“ აქციის დროს ძალადობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე ფაქტზე, სამართალდამცველებმა, 2 პირი დააკავეს - 14 ივლისს, 1988 წელს დაბადებული ვ.ბ., ხოლო 17 ივლისს 1997 წელს დაბადებული ნ.გ., ბრალდებულებმა „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google