ფქვილის ფასმა 60 ლარამდე დაიწია - ლევან სილაგავა
„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფქვილზე ფასი დაკლებულია.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერთ ტომარა ფქვილზე ფასი 60 ლარის ფარგლებშია, მაშინ როცა ის რამდენიმე თვის წინ 68 ლარს შეადგენდა.

„დღეისათვის მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღება რეგიონულად: რუსეთში, უკრაინაში, ევროკავშრიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. ტრადიციულად, ამ პერიოდში ფასების კლება ხდება: ახალ მოსავალს ძველი, გარდამავალი მარაგების ნაშთები ემატება. შესაბამისად, ფასები იკლებს. ეს ასახულია ბაზრის ფასებზე და, აქედან გამომდინარე, დღესდღეობით ფასები ქვემოთაა წამოსული. ამას ხელს ლარის კურსის სტაბილურობაც უწყობს, რომელიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა.

შარშანდელთან შედარებით, ხორბალზე ფასები უფრო მაღალია. შარშან სასტარტო ფასი 200 დოლარიდან დაიწყო და წელს კი 250 დოლარიდან. თუმცა, რომ გადავხედოთ ტენდენციას, დრამატული მატება იყო: შარშანდელი სექტემბრიდან 200 დოლარიდან 280-მდე გაიზარდა ფასი, ახლა კი 250 -ზეა ჩამოსული. ფასები, რომელიც დეკემბერ-იანვრის თვეში პიკზე იყო – 68 ლარი ერთ ტომარა ფქვილზე, ფაქტობრივად, ქვემოთაა წამოსული და ახლა 60 ლარის ფარგლებშია. მაგრამ ამ ფასს სამიზნე ფასთან 7 ლარი აკლია. ანუ ჩვენ 68 ლარიდან 60 ლარამდე კი შევამცირეთ ფასი, თუმცა, ეს არ არის ის ღირებულება, რომელზეც მეპურეები საუბრობდნენ. ისინი სამიზნე ფასად 53 ლარს ასახელებდნენ“, – განაცხადა სილაგავამ.

მისივე თქმით, წელს საქართველოს 150 000 ტონა ხორბლის მოსავალი აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google